ანაკლიასა და განმუხურის სანაპირო ზოლის განახლების პროექტირება დაიწყო
20 თებერვალი 2026
ანაკლიისა და განმუხურის საზღვაო სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურული განახლების პროექტირება დაიწყო. პროექტი 66.5 ჰექტარ ტერიტორიაზე სრულად განახლებული, მრავალფუნქციური და ოთხივე სეზონზე ხელმისაწვდომი სარეკრეაციო სივრცის შექმნას ითვალისწინებს.
სანაპირო დაიყოფა ფუნქციურ ზონებად და მოეწყობა საბავშვო, საგანმანათლებლო და კულტურული სივრცეები, სპორტული და რეკრეაციული ზონები, საფეხმავლო და ველო ბილიკები. დაგეგმილია არსებული ნაგებობების რეაბილიტაცია, ღია სცენისა და დეკორატიული ტბის მოწყობა, ასევე ანაკლიისა და განმუხურის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის განახლება. პროექტი მოიცავს თანამედროვე საინჟინრო ინფრასტრუქტურის - განათების, სარწყავი, წყალმომარაგებისა და სადრენაჟე სისტემების მოწყობას, ტერიტორიის გამწვანებას ადგილობრივი მცენარეული სახეობებით და გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვას.
პროექტს ამუშავებს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია „ნიუ ქონსთრაქშენ კაპიტალი“.
ინფრასტრუქტურის მინისტრმა არქიტექტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე განიხილა პროექტის დეტალები და სამუშაოების შემდგომი ეტაპები.